zurück

მთავარი

ბიოგრაფია

პრესა

ვიდეო

მუსიკა

პროეკტები

კალენდარი

ფოტოგალერეა

გამოძახილები

კონტაკტი

"დემურიშვილი საამურად ამღერებს როიალს"

თვით ყველაზე მშვიდი პასაჟების დროსაც, ურთიერთმიმართების დახვეწილი წყობითა და შინაგანი დიფერენციის დინამიურობით გამორჩეული მუსიკით საამურად აამღერა პაატამ სტეინვეის როიალი თავისი უაღრესად მელოდიური დაკვრის მეშვეობით.. პაატა უმღეროდა უცხო სამყაროებს, სადაც როიალი ისე ჟღერს როგორც მრავალხმიანი სიმფონიური ორკესტრი, სადაც ისეთი განსხვავებული სტილისტური მიმართულებები, როგორც კლასიკა და ჯაზია, დიალექტური სინთეზით პოულობენ ერთმანეთს, სადაც გულფიცხი შუაევროპელები დუნე მელანქოლიაში იძირებიან და, როგორც ჩანს, ისეთი განსხვავებული კულტურული სამყაროები, როგორიც საქართველო და გერმანიაა, ესთეტიკურ უნისონში კვლავ პოულობენ ერთმანეთს...

Schwäbische Zeitung

"პიანისტი რომელიც შერწყმულია თავის როიალთან"

იგი არ არის ის, ვინც თითების ზერელე გაელვარებით კმაყოფილდება მსუბუქი გასართობი მუსიკის შესრულებისას, და არც ის, ვისი კონცერტისთვისაც აუცილებელია ნაწარმოებების ჩამონათვალის (კიოხელის საძიებელის) დაზეპირება. სადღაც ამ ორს შუა მოქმედებს პაატა და ამას დაუცხრომელი თავდავიწყებითა და ხალისით აკეთებს. იგი დაფრინავს კლავიშებზე და სწორედ ეს ბრწყინვალე ფრენა ხიბლავს მსმენელს. ეს პიანისტი თითქოს შემძვრალია როიალში, რათა ამ ინსტრუმენტს ყველა ის სურნელი გამოსწოვოს, რაც მას აბადია..

Rhein Neckar Zeitung

"მსმენელთა თხოვნით შესრულებული ბითლზების, გერშვინის და მოცარტის მუსიკის ვირტუოზული კონცერტი"

... დემურიშვილის იმპროვიზაციის დიდი ხელოვნება მდგომარეობს ნოტებს შორის ურთიერთობის დაძაბვაში, როცა ჰარმონიული და რითმული თემები მძლავრ ჭექა-ქუხილში გადაიზრდებიან, რათა შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ იმპროვიზაციის მშვიდ და ფიქრმორეულ ამოსავალ საწყისს...

Oberhessische Presse

"იგი ჰქმნის დიდ ხელოვნებას წამიდან"

... რუსული გვიანი რომანტიზმის ჰანგებზე არის აღრზდილი ქართველი პიანისტი პაატა დემურიშვილი. ეს იგრძნობა მის ხელოვნებაში, როცა იგი რახმანინოვის ან ჩაიკოვსკის თემებს ამუშავებს. რა საოცრად აღვივებს იგი ამ ნაწარმოებებში ძლიერ ვნებათაღელვებს და ექსტაზებს, როგორ ამდიდრებს მათ ჯაზის ჰარმონიებით. [...] პაატა დემურიშვილი არის ვარიაციების ოსტატი. მისი თემები განუწყვეტლივ იცვლიან თავიანთ სახეს, აღმოცენდებიან და ყალიბდებიან ახალ ქმნილებებად. ეს პიანისტი დიდებული ვირტუოზია, აღჭურვილი ზღაპრული ტექნიკით. იგი ძალზე თვითდაჯერებით განაგებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილის მუსიკალურ ჟანრებს, რათა დროის ერთ მოცემულ წამში მომენტალურად შექმნას არა მხოლოდ სპონტანური ვნებები, არამედ დიდებული ხელოვნებაც.

(RNZ)

"კლავიშების ჯადოქარი აღაფრთოვანებს თავის მსმენელს"

პაატა დემურიშვილს როლფ ცახერის გარეგნობა აქვს და გლენ გულდის თითები. ეს უნივერსალური პიანისტი კლავიშების ჯადოქარია. მისი ხალასი მუსიკალურობა ადამიანს ჭეშმარიტ სიხარულს ანიჭებს. იგი მარგალიტის თვლებივით ალივლივებს გრძნობებით სავსე მელოდიებს და სცენაზე შადრევანის შხეფებივით აფრქვევს დახვეწილი ჟღერადობის მქონე ბგერების ნაკადს, უდიდესი შემოქმედებითი აღტყინებითა და სულმოუთქმელი სისწრაფით ასრულებს იმპროვიზაციებს - და ამას აკეთებს არა თავის მოსაწონებლად და ყურადღების მისაპყრობად, არამედ იმიტომ, რომ იგი მთელი თავისი არსებით მუსიკას ემსახურება, თავისი საკუთარი კომპოზიციების შესრულების დროსაც კი.

(Rhein Neckar Zeitung)

"კლავიშების ჯადოქარი"

... დემურიშვილი არის არა მხოლოდ ვირტუოზი, არამედ პირველ ყოვლისა უაღრესად მგრძნობიარე და ემოციური ხელოვანი, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მოაჯადოვოს მსმენელი და დაიპყროს მისი გული.

(Rheinpfalz)

"იმპროვიზაციის დიდოსტატი"

...დემურიშვილი გვევლინება როგორც იმპროვიზაციის ოსტატი. იგი იმდენად გადადის სპონტანურობის ერთგვარ ორგიაში, ისე მომაჯადოებლად და მხოლოდ მისთვის დამახასიეთებელი მანერით ანვითარებს და გვიხსნის თავის ფარულ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს სრული ვიტალურობითა და ექსპრესიულობით, რომ სულის მოთქმის საშუალებასაც აღარ გვაძლევს.

(Mannheimer Morgen)

"წამის გენიოსი"

ეჭვგარეშეა, ჯაზპიანისტი პაატა დემურიშვილი წამის გენიოსია, ანუ მას ძალუძს მოცემულ წამში მიღებული შთაბეჭდილება გადაიტანოს მუსიკის ენაზე. იგი ერთბაშად იპყრობს მსმენელის გულს და თავის ნებაზე დაატარებს მას, აცდუნებს და აბრუებს მას მუსიკალური სპონტანურობით, კაშკაშა მზესავით ბრწყინავს კლავიშებზე შესრულებული ჩინებული აკრობატიკით.. ამასთან ერთად იგი ხიბლავს მსმენელს პიანისტური სწრაფაზროვნებით და სცენაზე გამოსვლის სილაღით, რაც არა მარტო მის თავგამოდებულ გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს და აწრიალებს სკამებზე. [...] იგი მართლაც ახალი მუსიკის შემქმნელია ვულკანისებური ენერგიითა და ქამელეონისებური სტილისტური მოქნილობით..

(Rhein Neckar Zeitung)

"კლასიკასა და ჯაზის არსებულ გზაზე"

პაატა დემურიშვილი ადამიანის გულში მოხეტიალე პიანისტია. მის გრძნობებმორეულ დაკვრაში რომანტიზმი გამოსჭვივის. ამ სათავგადასავლო ჟინით შეპყრობილ იმპროვიზაციების გზაზე ერთმანეთს ხვდება სხვის მიერ მიგნებული და მის მიერ გამოგონილი. ჩიკ კორეასა და ფრედერიკ შოპენის შორის მონაცვლეობენ პიანისტური დელიკატესები, სტილისტური ციტატები დიდი სიამოვნებით მიიღება, მაგრამ პიანისტი საკუთარ, სხვებისგან გამორჩეულ მუსიკალურ გაფორმებას ანიჭებს უპირატესობას.

(Rheinland Pfalz)

"ჯაზი ბახის შესრულებით"

...პაატა დემურიშვილი ნაკლებად თუ არის ცნობილი როგორც ბახის ინტერპრეტატორი, მაგრამ როდესაც იგი ბახს უკრავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბახის კომპოზიციებს თავისი იმპროვიზაციებისთვის იყენებს, მაშინ ის სწორედ რომ თავისი ჟინმორეული მუსიკალურობით, თავისი ენერგიით სავსე ტუშეთი და თავბრუდამხვევი და შთამბეჭდავი ვირტუოზული წინსწრაფვით, უცებ ბევრად უფლო ახლოს დგას ბაროკოს ძველ ოსტატთან, ვიდრე ზოგიერთი - "სერიოზული" ბახის ინტერპრეტატორი...

(Rhein Neckar Zeitung)

"ოთხ-ვარსკვლავიანი ჯაზი საქართველოდან"

... წინა წლის მსგავსად წარმოგვიდგინეს ერთი სტუმარი. ჰოი, საოცრებავ! ეს იყო ამ ღამის ჯაზფესტივალის ვარსკვლავი - პიანისტი პაატა დემურიშვილი საქართველოდან. ეს ადამიანი ისე უკრავს კიბორდზე, თითქოს ეს სტაინვეი ყოფილიყოს. რახმანინოვის მუსიკით მდიდარ ჯაზურ ვარიაციებში იგი განცხრომას ეძლევა ამ კომპოზიტორისადმი თაყვანისცემის ნიშნად. ამ პიანისტის მუსიკა მოლივლივებს და ბროლის ელვარებას აფრქვევს მთელ დარბაზში...

(Schwäbische Zeitung)

"... მაგრამ ფორტეპიანოსთან იგი პაგანინია..."

"იცი რა? პაატა მხეცივით უკრავს. იგი გარეგნულად მუდამ გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როცა ფორტეპიანოსთან ზის, ერთბაშად იხსნება. მაშინ იგი პაგანინივით უკრავს, რაღაც საოცრად ვირტუოზულად. მას აუცილებლად უნდა მოუსმინოს კაცმა".

(Rhein Neckar Zeitung)

"მარგალიტის თვლების ჰომოგენური ლივლივი"

მისი არანჟირებისა და კომპოზიციების ფანტაზია შურით აღავსებს დიდ ხელოვანებს.

(Rheinlandpfalz)

მთავარი

ბიოგრაფია

პრესა

ვიდეო

მუსიკა

პროეკტები

კალენდარი

ფოტოგალერეა

გამოძახილები

კონტაკტი